გეოგრაფია

სამეგრელო-ზემო სვანეთი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. რეგიონის ტერიტორია ქვეყნის ტერიტორიის 10.6%-ია, რაც შეადგენს 7.4 ათას კვ. კმ-ს, ამ მონაცემით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მეორე ადგილი უკავია საქართველოს რეგიონებს შორის, ხოლო ტყეებს უკავიათ 3.01 ათასი კვ. კმ. ანუ რეგიონის მთლიანი ფართობის 40.7 %. 

დასავლეთიდან სამეგრელო-ზემო სვანეთს აფხაზეთი და შავი ზღვა, ჩრდილოეთიდან მთავარი წყალგამყოფი ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი (საზღვარი სვანეთის, ეგრისის ქედზე და ასხის მასივზეა), სამხრეთ-აღმოსავლეთით იმერეთის და სამხრეთით გურიის რეგიონი ესაზღვრება. 

ზემო სვანეთი საქართველოს ჰიფსომეტრიულ «ჭერად» ითვლება. მისი ტერიტორიის 96% ზღვის დონიდან 1000მ-ზე, ხოლო 65.8 % 2000მ-ზე მაღლა არის განლაგებული. ზომიერი კლიმატი, ბუნებრივი სილამაზე და დაცული ფაუნა ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.